რატომ არ უნდა გადაყაროთ წვენის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი მშრალი ხილი და ბოსტნეული?

დავიწყოთ იმით, რომ წვენსაწურში წვენის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი მშრალი ხილი და ბოსტნეული, ანუ ჩენჩო, შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამასთანავე, ასეთი ნარჩენებისგან შეიძლება უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება: წვნიანების, პიურეების, ნამცხვრების, რულეტების, ფაფების, მუსების, კექსის და ა.შ.

ნამცხვარი ბოსტნეულის ჩენჩოთი: (სტაფილოს, ჭარხლის, კარტოფილისა და კომბოსტოს)
ათქვიფეთ ერთი ცალი კვერცხი, დაუმატეთ 250 გრ. ბოსტნეულის ჩენჩო, 2 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული, მარილი და კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ჩაასხით ეს მასა ცხიმწასმულ ყალიბში და 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში გამოაცხვეთ.
ცხობის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეგიძლიათ, ნამცხვარს გახეხილი ყველი მოაყაროთ.

მსუბუქი წვნიანი-პიურე ბოსტნეულის ჩენჩოთიკერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩენჩო, წყალი, მწვანილი, ნიორი და არაჟანი.
დაასხით ბოსტნეულის „ჟმიხას“ ცოტაოდენი წყალი და 15 წუთით გააჩერეთ, რათა სითხე კარგად შეიწოვოს. მიღებული კონსისტენციით განსაზღვრეთ, დაამატებთ თუ არა წყალს და ცეცხლზე დაადგით.
ხარშეთ 15 წუთი და დაამატეთ მარილი გემოვნებით.
ნიორი, მწვანილი და არაჟანი კი სუფრაზე მიტანის წინ დაუმატეთ.

უგემრიელესი ოლადები ხილისა და ბოსტნეულის ჩენჩოთი:  აიღეთ 250 გრ. ჩენჩო, დაუმატეთ 150 გრ. ფქვილი, 2 კვერცხი, ცოტაოდენი სოდა ან გამაფხვიერებელი, მარილი და ამ ინგრედიენტებით მოამზადეთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
ტაფაზე დაასხით ზეთი და მომზადებული ცომი ჩვეულებრივი ბლინებივით შეწვით.
იმავე წესით შეგიძლიათ, გააკეთოთ ტკბილი ოლადები ხილის ჩენჩოსგან (ვაშლის, მსხლის, ციტრუსების და ა.შ). ხილის ოლადებს ბოლოს შაქრის პუდრა მოაყარეთ.

რულეტი ხორცისგან და ბოსტნეულის ჩენჩოთი: ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნებისმიერი ბოსტნეულის (სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, ყაბაყი და ა.შ) ჩენჩო,1 კვერცხი, 1-2 სუფრის კოვზი არაჟანი, ხორცის ფარში, პილპილი, მარილი და სუნელები გემოვნებით.
კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ.
დაუმატეთ ჩენჩო და არაჟანი.
მიღებული მასა დააყოვნეთ 10 წუთით.
დაუმატეთ ფარში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, სუნელები და კარგად აურიეთ.

ცალკე მოხარშეთ ბრინჯის სქელი ფაფა და გააცივეთ.
დაუმატეთ მარილი და ათქვეფილი კვერცხი.
მიღებული მასა გაშალეთ პერგამენტის ქაღალდზე ან ალუმინის ფოლგაზე, დააყარეთ ფარშისა და „ჟმიხის“ ნაზავი და ფრთხილად გადაახვიეთ.
რულეტი ზომიერად გახურებულ ჰაერღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

ტკბილი რულეტი: ტკბილი რულეტის გასაკეთებლად, ბოსტნეულის ნაცვლად, ხილის ჩენჩო უნდა გამოიყენოთ.
ბრინჯი, წყლის ნაცვლად, რძეში უნდა მოხარშოთ და, მარილის ნაცვლად, შაქარი დაუმატოთ. სანელებლების ნაცვლად, ჩენჩოს გულსართს შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ქიშმიში, მურაბა ან თხილი.

მანის ფაფა ხილისა და ბოსტნეულის ჩენჩოთი: უბრალოდ, მოადუღეთ მანის ფაფა რძეზე, დაუმატეთ „ჟმიხა“ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში ფაფა გასქელდება და მიიღებს სასიამოვნო ფერს.
მანის ფაფისთვის კარგი ვარიანტია სტაფილოს, ჭარხლის ან ვაშლის ჩენჩოს გამოყენება.

ხილის ჩენჩოსა და ფინიკის ნამცხვარი: დაგჭირდებათ 1 კგ. ვაშლი, 100 გრ, ფინიკი, 50 გრამი ნუში და 50 გრამი ნიგოზი.
დაასხით ფინიკს წყალი და 2 საათით ასე გააჩერეთ.
ვაშლი წვენსაწურში გაწურეთ.
დამბალი ფინიკი და ნიგოზი კი ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
ამ მასას კარგად აურიეთ ვშლის ჩენჩო და მიღებული მასისგან 5 მმ სისქის ნამცხვრები გააკეთეთ.
დაალაგეთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე და ჰაერღუმელში, ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ.

ხილის ჩენჩოს ტორტი: ხილის ჩენჩო 200 გრამი, 150 გრ. შაქარი, 150 გრ. ზეთი, 1 ჭიქა ფქვილი, 2 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ან სოდა, 1 ლიმონის ცედრა, 1 ჩაის კოვზი გახეხილი თხილი ან ქოქოსის ფანტელი და ქიშმიში.
კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ და თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა შეურიეთ ზეთი. დაახლოებით, 5 წუთი კიდევ თქვიფეთ და შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ჩენჩო და ზემოჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი.
ჩააფინეთ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი, გამზადებული ცომი ჩაასხით და 190 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში შედგით.
40-45 წუთში ნამცხვარი მზად იქნება.
გაგრილებული ბისკვიტი შეგიძლიათ, შუაზე გაჭრათ და ნებისმიერი ჯემი წაუსვათ.

კექსი ხილის ჩენჩოთი: 300 გრ. ფქვილი, 250 გრ. ჩენჩო, 200 გრ. შაქარი, 175 გრ. კარაქი, 2-3 კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ვანილი.
შაქარი და კარაქი კარგად ათქვიფეთ.
თანდათან დაამატეთ კვერცხი, სოდა-ძმრით, ფქვილი და ვანილი.
მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ხილის ჩენჩო და კარგად მოურიეთ.
წაუსვით კექსის ფორმას ცხიმი, ჩაასხით ცომი და 180 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში შედგით. ნახევარ საათში ხილის არომატით გაჯერებული კექსი მზად იქნება.



29-03-2019, 02:23

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно