ქართველი დედის სულისშემძვრელი წერილი

ქართველი დედის სულისშემძვრელი წერილი

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ნიცაში მომხდარმა ტერაქტმა მთელი მსოფლიო შეძრა. იმ დროს, როდესაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და დაუზუსტებელი ინფორმაციით 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ჟურნალისტ ფერიდე ბიწაძის შვილი ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩა. ჟურნალისტი \"ფეისბუქის\" პირად გვერდზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

\"... ღამით, მესინჯერში შვილი რომ მოგწერს ნიციდან, რამდენიმე წუთში რაღაც საშინელს მაინც გაიგებ, ამიტომ ჯობია ჩემგან გაიგო, დამშვიდდი და ისე მომისმინეო, წარმოიდგენთ ალბათ, წამში დედის თავზე რამდენნაირი შიშის ლოდი ჩამოეკიდება ერთდროულად...

მერე მოგდის სიტყვა - \"ტერორისტულიაქტი\"... და ბრმავდები, ვეღარაფერს ხედავ, ერთ სიტყვად ჩაყლაპავს ცნობიერი ამ გავარვარებული რეალობის ხორკლს, ყურები გიგუბდება, სიცივე ფეხებიდან უცებ ედება მთელს სხეულს და მხოლოდ თვალებად იქცევი, თვალებად, რომლებიც შენს გარეშე იწყებს ტვინთან ურთიერთობას... მერე, აცნობიერებ, რომ, \"ის\" ცოცხალია...ცოცხალია - რაკი გწერს...

მაგრამ ტვინთან მოსაუბრე თვალებს არ ენდობი და სკაიპს ართვევინებ სასწრაფოდ - გინდა დარწმუნდე იმ სასწაულში, რომ, ისიც იქ იყო, (Promenade des Anglais ხომ ხელისგაწვდენაზეა მისი სახლიდან და ამით ძალიან იწონებდა თავს რამდენიმე თვის წინ, როცა იქ გადავიდა საცხოვრებლად - ზღვის სუნია ჩემს აივანზეო)...

ისიც იქ იყო, ათასობით სხვა შვილთან ერთად, რომლებიც მასავით ფეიერვერკების სანახავად გავიდა იმ საღამოს და მასავით ვეღარ დაბრუნდა... ის კი, საყვარელი გოგოს დაღლის გამო ადრეწამოსული, ბედნიერი შემთხვევითობით ასცდა სხვებივით გზატკეცილზე მიმოფანტულ, დასისხლიანებულ გვამობას...
საღსალამათი ზის და ათასობით კილომეტრიდან შენს დამშვიდებას ცდილობს, თვითონ უკიდურესად დათრგუნულ-გაბრაზებულ-აჯაგრული...

მერე, უცებ მოგვარდება ინსტიქტური ემოცია, რომელსაც, სხვა რეალობაში, სიხარული ერქმეოდა, მაგრამ ახლა ისეთი ტკივილით, შიშითა და უმწეობით მოდის, რომ, აღარაა სიხარული...

BFM TV -ს თავისით კრეფს კლავიატურა და საშინელების პირველ კადრები მოგიქცევს თავის ბნელ სტომაქში შენი ინსტიქტიანად... სადღაც შორიდან გესმის ციფრები, რომლებიც ყოველწუთს იცვლება, იზრდება, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის შეწყვეტის სტატისტიკა...60, 67, 73, 76, 81... გაუცნობიერებელი მაზოხიზმით თითები პულტზე CNN-ს მოძებნის და ახლა იქ \"ეწაფები\" ქარიანი პალმების ქვეშ , შოსეზე დაყრილი, სისხლიანი სხეულების კადრებს, თითქოს თავს ისჯი, რომ გაგიმართლა... გონება კი...მატარებლის ბორბლების ტონალობის ინტერვალებით, ჯიუტად იმეორებს:

შენ გადარჩი...

შენ გადარჩი...

გადარჩი...

გადარჩი...

ამჯერად გადარჩი...\", - წერს ფერიდე ბიწაძე.

გაუზიარე მეგობრებს