როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს მიზანსწრაფვა

ჩემი შვილი მოზარდია, ვამჩნევ, რომ არაფრის ინტერესი არ აქვს, უნებისყოფოა. რატომ არის, რომ ზოგიერთ ბავშვს არაფრის მიღწევა არ სურს? როგორ გავუღვივოთ მიზანსწრაფვა?

ხშირად გაგვიგონია, რომ მოზარდები უეცრად თავს ანებებენ სწავლას, უხეშად მიმართავენ უფროსებს, არ ითვალისწინებენ მათ რჩევებსა და მოთხოვნებს და არაფრის მიმართ ინტერესსა და მისწრაფებას არ ამჟღავნებენ. ბავშვების მშობლები შფოთავენ, დაბნეულნი ეკითხებიან ერთმანეთს, რა დააკლეს შვილებს: “მას ხომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა: სათამაშოები, ტანსაცმელი, კომფორტული პირობები, მოგზაურობა, დასვენება...” საბოლოოდ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებენ და სვამენ კითხვას: “როგორ აღვზარდოთ ბავშვი, რომ უნებისყოფო და უპასუხისმგებლო პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს?”


ყველაფერი მზამზარეული
აღზრდა ადრეული ბავშვობიდანვე უნდა დავიწყოთ. მოზარდის გარდაქმნა, მისი “ხელახალი დაპროგრამება” გაცილებით ძნელია, რადგან მას უკვე ათვისებული აქვს სამყაროს არასწორი ხედვა და მცდარი წარმოდგენები მის შესახებ. მაინც რა დასკვნები უნდა გამოეტანა ბავშვს, თუ არასოდეს არაფერი ჰკლებია, ყველაფერს ლანგრით მიართმევდნენ ხოლმე?! სასათბურე პირობებში გაზრდილი ბავშვისთვის ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ამქვეყნად ყველაფერი გარჯის შედეგად მიიღწევა. მაგალითად, მისი უღრუბლო და უზრუნველი ბავშვობა მისი მშობლების ძალისხმევის შედეგია. მაგრამ როცა ისინი შვილს რეალობასთან შეჯახებისგან იცავენ, არ აძლევენ მას თვით რეალობის შეცნობის საშუალებას. ასეთ ბავშვებს არ ძალუძთ სირთულეების არც აღქმა და არც გადალახვა. ამიტომაც არის, რომ უმეტესად სწორედ შეძლებულ, უზრუნველყოფილ ოჯახებში გვხვდებიან ბავშვები, რომელთაც არ სურთ თავიანთ ინფანტილურობასთან განშორება, არ გააჩნიათ ნებისყოფა და გამარჯვებისკენ სწრაფვის უნარი.

ვასწავლოთ მიზანსწრაფვა რა ვიღონოთ ჩვენ, მშობლებმა?
უპირველეს ყოვლისა, ხელიდან არ უნდა გავუშვათ დრო, როცა ნებისყოფის გამომუშავებაა საჭირო, მეორე - დავეხმაროთ ბავშვს, თვალი გაუსწოროს რეალობას, არ შეუშინდეს სირთულეებს. ბავშვებს, რომლებიც ფუფუნებაში იზრდებიან, ხშირად არ გააჩნიათ განვითარების სტიმული. მათ არ სჭირდებათ არსებობისთვის ბრძოლა, ამიტომ არც მოტივი აქვთ ძალისხმევისთვის. ნებისყოფის დაძაბვა, ნებელობითი ძალისხმევა ძალიან ჰგავს პირობით რეფლექსს. ის “მინდას” გარეგან დაბრკოლებებთან შეჯახების
პროცესში გამომუშავდება. თუ ეს რეფლექსი ადრეულ ასაკშივე არ წარმოიშვა, ადამიანს უბრალოდ არ შესწევს უნარი, სურვილები მოქმედებად აქციოს.

დაცემა და წამოდგომა
დიახ, ჩვენ ხშირად გაგვიგონია: “უშრომლად არაფერი მოდის!” ეს ბანალური გამოთქმაა, მაგრამ ინტელექტუალური ინფორმაცია, რომელიც გარედან მოდის, არც ისე ადვილად აღიქმება და შეიმეცნება. მის აღქმას თან ახლავს ერთგვარი უნდობლობა, ეჭვი. სამაგიეროდ, როცა ბავშვი შეიცნობს უნივერსალურ პრინციპს, როცა საკუთარ აღმოჩენას გააკეთებს, იგი მყისვე იქცევა მოქმედების ხატად. მთავარი პირველხატი, პირველი წარმოდგენა, რომელიც მშობლებს შეუძლიათ ჩადონ ჩვილის ცნობიერებაში, ასეთია: შედეგის მისაღებად საჭიროა ძალისხმევა. მიეცით ბავშვს შანსი, სცადოს, მოსინჯოს, დაეცეს, იტიროს, ისევ წამოდგეს, თქვენ კი მოთმინებით წარმოთქვით ჯადოსნური სიტყვები: “მოიკრიბე ძალა”, “კიდევ სცადე”, “ვიცი, რომ შეძლებ!”, “მე ვამაყობ შენით!”, “შენ თავისუფალი ხარ, შეგიძლია ჩასწვდე სამყაროს საიდუმლოს და სურვილისამებრ გარდაქმნა ის!” ჩვენ ძალიან გვიყვარს შვილები, ამიტომ მზად ვართ, ყველაფერი მივცეთ, დავიცვათ, კედელივით ავეფაროთ წინ, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს ზღვარი, რათა დათვური სამსახური არ გავუწიოთ. ნუ შეუშლით ხელს, თვითონვე მიაღწიონ დასახულ მიზანს, ჰქონდეთ მოქმედების სურვილი, გადალახონ სირთულეები. გამარჯვებისაკენ სწრაფვა ხომ დიდი ბედნიერებაა.

28-01-2017, 16:06

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно