ზრდილობიანი ბავშვი

ამჟამად ეტიკეტს უწოდებენ ზრდილობის, რაციონალურობისა და კეთილგონიერების ფორმალური წესების ერთობლიობას. ქცევის ელემენტარული წესები ადამიანთა საზოგადოებაში ძველთაგანვე არსებობდა, თუმცა თავად ეტიკეტის ცნება მოგვიანებით, XVII საუკუნეში გაჩნდა. საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV-ის კარზე მიღების დროს სტუმრებს ურიგებდნენ სპეციალურ ბარათებს - ეტიკეტებს, რომლებზეც შესაბამისი ქცევის წესები ეწერა. ჯერ კიდევ მაშინ, 300 წლის წინათ, განისაზღვრა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში ურთიერთობის ფორმები და შინაარსი, გარეგნული იერსახე და მანერები.


თავად ეტიკეტის იდეა მარტივი და კეთილშობილურია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს პირდაპირი კავშირი თავად ეტიკეტის ცნებასა და იმ სოციუმს შორის, რომლისთვისაც ესა თუ ის ნორმაა დადგენილი. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან ან ახლობელ ადამიანებთან მარტო ყოფნისას შეგვიძლია ყველაფერი უკუვაგდოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც მოგვესურვება. მიუხედავად ამისა, ქცევის წესების დამოკიდებულება საზოგადოებაზე, რომელშიც ადამიანი არსებობს, საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ბევრნი ვართ. ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირია. ნებისმიერმა წვრილმანმა, დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ, გამოხედვამ თუ ჟესტმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. სახელწიფო დონეზე ეს ყველაფერი ომის მიზეზიც კი გამხდარა. მიზეზი მარტივია - კულტურათა, აღზრდისა და მორალური პრინციპების რადიკალური განსხვავება. სწორედ უკმაყოფილების, ვნებათა და დაძაბულობათა გასანეიტრალებლად მოიფიქრეს ეტიკეტის წესები. განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ბავშვისა და ზრდასრული ადამიანის ეტიკეტი? ერთი შეხედვით, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ საბავშვო ეტიკეტი მოზრდილთა ქცევის წესების ერთგვარი მინიატურაა, რომლის ზუსტი დაცვა არ არის საჭირო, ხოლო გამოყენების სფერო ფრიად შეზღუდულია. მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მიესალმოს მეზობელს ეზოში და როგორ იჯდეს მაგიდასთან, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს სულაც არ არის საკმარისი. ეტიკეტის წესები საუკუნეების განმავლობაში ფორმირდება იმ საზოგადოებაში, სადაც ბავშვი დაიბადა და იზრდება. ეს წესები არ იცვლება იმის მიხედვით, ბავშვი ხუთი წლისაა თუ ოცდახუთის და რეაქციაც მათ დარღვევაზე დაახლოებით ერთნაირია. რასაკვირველია, მოზრდილი ადამიანი ითვალისწინებს ქცევის წესების დამრღვევის ასაკს და ბავშვის ცუდ საქციელზე არ აქვს ისეთი რეაქცია, როგორიც მოზრდილის ასეთივე საქციელზე ექნებოდა. ბავშვი კი იზრდება, ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე უმტკივნეულოდ გამოვუმუშაოთ მანერები, ვიდრე დაველოდოთ გარდატეხის ასაკს, რომელიც ისედაც საკმაოდ რთულია. ასე მომზადებული შევხვდებით იმ პერიოდს, როცა თავად ცხოვრება ამსხვრევს არასწორ წარმოდგენებსა და ჩვევებს და ადამიანს აჩვენებს, რომ ცუდი საქციელი ისჯება და საკუთარ სიტყვებსა თუ საქციელზე პასუხი უნდა აგო. ყოველივე ამის გამო საბავშვო ეტიკეტის ამოცანა არა მარტო ეთიკური, არამედ პედაგოგიურიცაა. ეტიკეტის სწავლა არის არა მარტო სტანდარტული წესების ფორმალური დასწავლა, არამედ ადამიანებთან ურთიერთობის მექანიზმების გაგება, კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინება და იმ უნარის გამომუშავება, ნებისმიერ სიტუაციაში თავდაჯერებული, ძლიერი და მახვილგონიერი ვიყოთ.

სუფრის ეტიკეტი
სწორედ ჭამის დროს ვეცნობით პირველად კულტურული ქცევის წესებს. ამ დროს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია - კოვზის გამოყენება, ჭამის მანერა, წვნიანის შხეფების დაღვრა... რასაკვირველია, პატარას უნდა ავუხსნათ, რომ თეფშში კოვზის, კარტოფილისა თუ ხორცის ნაჭრის ჩავარდნისას ისვრება სუფრა, ტანსაცმელი... ურიგო არ იქნება, თუ შევეცდებით, ბავშვს გამოვუმუშაოთ სუფრასთან მის გვერდით მჯდომი ადამიანისადმი მორიდების გრძნობა.
პატარა ბიჭს უნდა ავუხსნათ, რომ სუფრასთან ჯდომისას გოგონებს უნდა მიაწოდოს საჭმელი, რომელიც მათგან შორს დევს.

მეტყველების კულტურა
საკმაოდ რთულია, პატარა ბავშვს ავუხსნათ, რა განსხვავებაა შენობით და თქვენობით მიმართვის ფორმებს შორის, თუმცა სწორედ ასე შეიძლება და აუცილებელიც არის უცხო უფროსი ადამიანისა და თანატოლების გამიჯვნა. გარდა ამისა, აუცილებელია, ბავშვს ყურადღება გავამახვილებინოთ იმ გარემოებაზე, რომ არ შეიძლება უფროსების საუბარში ჩართვა და მათი ფრაზების კომენტირება. თუ პატარას ამ დროს რამის თქმა სურს, უფროსებისგან ნებართვა უნდა ითხოვოს. თავის მხრივ, უფროსებიც უნდა შეეცადონ, პატარების თანდასწრებით თავი არიდონ ცხარე კამათს და იმ თემებზე მსჯელობას, რომლებიც ბავშვების ყურადღებას მიიპყრობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ “არას” თქმა მტკიცე, მაგრამ არა აგრესიული კილოთი, უარყოფითი ემოციების მართვა და ღიმილით საუბარი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მეტყველებას, ვასწავლოთ ბავშვს ჟარგონისა და სიტყვა-პარაზიტების გარეშე საუბარი. საზოგადოებაში ყოფნისას არ არის მიღებული გარშემო მყოფთა ყურადღების მიპყრობა, ამიტომ კილო უნდა იყოს წყნარი, მშვიდი, თანამოსაუბრეს გულდასმით უნდა მოვუსმინოთ, არ გავაწყვეტინოთ ფრაზა, არ შევეკამათოთ. ეს ჩვევები ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გამოიმუშაოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი მაგალითს რეალობიდან იღებს, ეს კი ნიშნავს, რომ უფროსები უნდა დავუკვირდეთ საკუთარ ქცევასა თუ მეტყველებას. სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს კითხვა, მშობლების ლიტერატურული ენით საუბარი, ტაქტიანი მიმართვა. აუცილებლად უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემს. ზოგი მათგანი საზოგადოებაში უხერხულობას იწვევს და, უბრალოდ, უზრდელობაა. პატარას უნდა ავუხსნათ, რომ ასეთ შემთხვევებში ჯობს განმარტოვდეს. თუ უხერხული შემთხვევა მაინც მოხდა, თუნდაც თანამოსაუბრეს შეემთხვა, ჯობს, არაფერი შევიმჩნიოთ. ალბათ ყველას გახსოვთ გამოთქმა, რომ კარგად აღზრდილია არა ის, ვინც სუფრას არ დასვრის, არამედ ის, ვინც ამას არ შეიმჩნევს.

გარეგნული იერი
სულ პატარა ბავშვიც კი ცდილობს, თავისით გაიხადოს შარვალი, მოიცილოს ნამცხვრის ნამცეცები, სიამოვნებით იღებს ხელში საპონსა და ჯაგრისს, იყენებს ცხვირსახოცს. ერთი სიტყვით, ირგვლივ სიბინძურე და არეულობა არავის უყვარს. კარგი ჩვევებისთვის პატარა აუცილებლად უნდა შევაქოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ცხვირში ჩიჩქნა, ფეხების ქნევა, კარის გაჯახუნება, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცუდია. ერთი სიტყვით, ადრეული ასაკიდანვე ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს.

28-01-2017, 16:04

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно