როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჩხუბს

ყველა მშობლისთვის ნაცნობია პერიოდი, როცა მათი შვილი ჩხუბს იწყებს. ჯერ კიდევ გუშინ მშვიდი და თვინიერი პატარა უეცრად ხელს უქნევს მშობლებს, შესაძლოა, დაარტყას კიდეც მათ, თმაც მოქაჩოს. აღარაფერს ვამბობთ საბავშვო მოედანზე თანატოლებთან ჩხუბზე. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ მშობელი დაბნეულია და აღარ იცის, როგორ გადააჩვიოს ბავშვი ჩხუბს, არავითარი ახსნა-განმარტება და დასჯა არ ჭრის. რა ვქნათ? – იბადება ლოგიკური კითხვა.


მოჩხუბარი ბავშვი - ეს კონკრეტული ოჯახის პრობლემაა თუ განვითარების აუცილებელი ეტაპი? ზედმეტი მღელვარების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს მართლაც განვითარების აუცილებელი ეტაპია. პირიქით, ამ ეტაპის არარსებობა უფროა შემაშფოთებელი. სწორედ ამ გზით ივითარებს ბავშვი საკუთარი თავისა და ახლობლების, საკუთარი შეხედულებების დაცვის უნარს. რასაკვირველია, პატარა ბავშვი ჩხუბს, მით უფრო - ზედმეტ აგრესიას, უნდა გადავაჩვიოთ, მაგრამ არც ამ ქცევის პოზიტიური შედეგი უნდა დაგვავიწყდეს. სიმშვიდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ განვითარების მომდევნო ეტაპზე ბავშვი საკუთარი აგრესიის მართვას ისწავლის. რასაკვირველია, უფროსების დაუხმარებლად ეს ვერ მოხერხდება. მშობლები კი რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ფარ-ხმალს ყრიან, ნებდებიან და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ შეცდომებს დაუფიქრდნენ და ახალი მეთოდი ეძებონ, ბავშვის დასჯას განაგრძობენ. სამ წლამდე მოჩხუბარი ბავშვი უფროსების რეაქციაზეა ორიენტირებული და არა სიტყვებზე, ამიტომ მშობლებმა თავიანთი ქცევით უნდა აჩვენონ, რომ აგრესიასთან ბრძოლა შეიძლება და უნდა ვებრძოლოთ კიდეც. მაგრამ როგორ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა ჩვენი სტატიის მიზანი. ქვემოთ ექსპერტთა პრაქტიკულ რჩევებს შემოგთავაზებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ეფექტურია ემოციური რეაქცია. მაგალითად, მაჩხუბარა ბავშვმა დაგარტყათ ან სახე დაგიკაწრათ. ამ დროს მას უმალვე უნდა მოსცილდეთ, თუ ხელში გეჭირათ, დასვათ და მკაცრი და უკმაყოფილო სახე მიიღოთ. ნუ გაუღიმებთ, თორემ პატარა იფიქრებს, რომ თავისი საქციელით გაგამხიარულათ. შეხედეთ ბავშვს თვალებში და მკაცრად უთხარით: “ჩხუბი არ შეიძლება!” ნებისმიერი ინტერპრეტაცია ნებადართულია, მთავარია, ფრაზა იყოს მკაფიო და მოკლე. ხანგრძლივი ახსნა-განმარტება ნამდვილად ვერ გამოიღებს უკეთეს შედეგს. არ არის გამორიცხული, ბავშვი ატირდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მის დამშვიდებას. აცადეთ ერთი-ორი წუთი, რათა საკუთარი საქციელი და მისი შედეგები გააცნობიეროს, მერე კი მიდით მასთან და კიდევ ერთხელ აუხსენით, რომ ჩხუბი არ შეიძლება, რადგან ეს დედას (მამას) ტკივილსა და წყენას აყენებს. თუ პასუხად ბავშვმა ისევ დარტყმა სცადა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ, შემდეგ პატარა უნდა დაამშვიდოთ. რასაკვირველია, ჩხუბს პატარა ბავშვს ერთი მცდელობით ვერ გადააჩვევთ, მაგრამ ზემოთ აღწერილ ქმედებათა მეთოდური გამეორება ყოველი ინციდენტის შემდეგ საკმაოდ სწრაფად ამყარებს კავშირს “მე ვჩხუბობ – დედა მშორდება”. როცა ასე მოხდება, პრობლემაც მოგვარდება. სულ ცოტა მოთმინება და მოჩხუბარი პატარა კვლავ დამჯერე და თვინიერი გახდება. თუ ბავშვმა ჩხუბი ქუჩაში დაიწყო, ის დაუყოვნებლივ ხელში უნდა აიყვანოთ და განცალკევდეთ. ასევე უნდა მოიქცეთ მისი ჯიუტობისა და ისტერიკის დროსაც. რასაკვირველია, როცა პატარა ბავშვის უზნეო ქცევა ყოველდღიურად მეორდება, მშობელი თავისდა უნებურად იღლება და ღიზიანდება. კითხვა “როგორ გადავაჩვიოთ პატარა ბავშვი
ჩხუბს?” სულ უფრო შემაწუხებელი ხდება და ზოგიერთმა შესაძლოა საკუთარ თავს ბავშვის მიტყეპის უფლებაც მისცეს. ასე არამც და არამც არ უნდა მოვიქცეთ. სამ წლამდე ბავშვი უბრალოდ ვერ ხვდება, რომ თავისი საქციელით შესაძლოა ვინმეს ტკივილი მიაყენოს, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ შეცდომას მიხვდეს, აგრესიას ემოციის გამოხატვის საშუალებად მიიჩნევს და იფიქრებს, რომ თუ დედაც სცემს, ესე იგი ჩხუბი შეიძლება. ასე რომ არ მოხდეს, არც ისე ბევრი რამაა საჭირო - თანმიმდევრულობა და ცოტაოდენი მოთმინება.

28-01-2017, 16:02

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно