აბორტის შემდგომი ორსულობა

გადატანილი აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში აისახება ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამის გამო ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ კატეგორიის პაციენტებს. აბორტის დროს საშვილოსნოს ყელის ტრავმირება საფრთხეს უქმნის აბორტისშემდგომ დამდგარ ორსულობას. საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს კუნთოვან წარმონაქმნს, რომელიც იოლად შეიძლება დაზიანდეს ქირურგიული ინ­სტრუ­მენტით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულობა პირველია და საშვილოსნოს ყელის არხი საკმაოდ ვიწროა. საშვილოსნოს ყელის დაზიანება მის არასრულფასოვნებას იწვევს და უკვე შემდგომ დამდგარი ორსულობის დროს ვეღარ ახდენს ნაყოფის შეკავებას და 16-18 კვირაზე დგება ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის საშიშროება.

მოსალოდნელ სპონტანურ აბორტს წინ უძღვის სისხლიანი გამონადენი და შესაძლოა სუსტი ინტენსივობის ტკივილი მუცლის მიდამოში. თუ ექიმი დროულად მოახდენს საშვილოსნოს ყელის არასრულფასოვნების დადგენას, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ აღნიშნული საფრთხე ნაკერების დადებით, რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის დახურულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ხშირად საშვილოსნოს ყელის არასრულფასოვნების გამოვლენა ხდება სწორედ სპონტანური აბორტის შემდეგ.

მუცლის მოშლის შემდეგ ორსულობისათვის საფრთხეს წარმოადგენს ასევე არასწორი ჰორმონული რეგულაცია. ქალის ორგანიზმი ორსულობისას დადგომისას მთლიანად გადართულია მომავალი ბავშვის განვითარებისათვის პირობების შექმნისაკენ. აბორტის დროს ხდება ამ პროცესის შეწყვეტა, რაც ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ფუნქციონირების დარღვევის მიზეზს წარმოადგენს. შედეგად შემდგომი ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებისათვის საჭირო ჰორმონული ფონი არ არის შესაბამისი. ყველაზე ხშირად აღინიშნება პროგესტერონის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორსულობის შენარჩუნებაში პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, თუმცა მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით.

აბორტის დროს ხდება ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს შიგნითა შრის დაზიანება, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შრის მდგომარეობა პლაცენტის ფორმირებისათვის. ასეთ დროს სანაყოფე კვერცხის მიმაგრება ხდება საშვილოსნოს ქვედა დაუზიანებელ ნაწილში ან საშვილოსნოს ყელზე. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ხდება სისხლდენის მიზეზი. ყელის ორსულობისას სიხლდენის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს საშვილოსნოს ამოღება, ხოლო პლაცენტის ქვედა მდებარეობისას ხორციელდება სტაციონარული მკურნალობა ორსულობის შენარჩუნების მიზნით.

საშვილოსნოს შიგნითა შრის გათხელება განაპირობებს პლაცენტის დეფექტების წარმოქმნას, რაც იწვევს ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას, არ ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიწოდება ნაყოფისათვის, რის გამოც აღინიშნება განვითარების შეფერხება და მცირეწონიანი ახალშობილის დაბადება. გამომდინარე აქედან ორსული მუდმივად უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად გამოვლინდეს ზრდის შეფერხება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

აბორტისშემდგომი ორსულობის დროს კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს საშვილოსნოს კედლის გათხელების შედეგად საშვილოსნოს გასკდომა. გარდა ამისა აბორტის დროს პერფორაციის არსებობისას ხდება ქირურგიული წესით აღნიშნული მიდამოს ახალი ქსოვილით დაფარვა, რომელიც ნაკლებად წევადია და უკვე შემდგომი ორსულობისა და მშობიარობის დროს შეიძლება გახდეს საშვილოსნოს გახევის მიზეზი. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს როგორც დედის, ისე ბავშვისათვის.

მედიკამენტოზური აბორტი ორსულობის შეწყვეტის შედარებით უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლისას აღმოჩნდა, მედიკამენტოზური აბორტი ქალის ორგანიზმში სერიოზული დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც უკვე ითქვა, ორსულობის პირველივე დღიდანვე ხდება მთელი რიგი ჰორმონების გამომუშავება და ორსულობის შეწყვეტა იწვევს ძლიერ ჰორმონულ ჩავარდნას, შედეგად ზიანდება ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვალი. მედიკამენტოზური აბორტი კიდევ უფრო მეტად მოქმედებს ენდოკრინული სისტემაზე და მაღლა წევს სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოსა და საკვერცხეების დაავაადებების განვითარების ალბათობას. უკიდურესად არასასურველ შედეგს წარმოადგენს ენდოკრინული უშვილობა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მედიკამენტოზური აბორტი კლასიკურთან შედარებით ნაკლებად ტრავმულ ზემოქმედებას ახდენს ქალის ფსიქიკაზე, თუმცა უნაყოფობის განვითარების შანსი ნებისმიერი სახის აბორტის დროს არსებობს.

24-01-2017, 10:55

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно