ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა

მშობიარობა ყველა ქალისთვის დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესთან ასოცირდება, ამიტომ ბევრი მათგანი ბავშვის გაჩენას საკეისრო კვეთის ოპერაციით ამჯობინებს. საინტერესოა რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას და რატომ სჯობია ამ გზას ბუნებრივი მშობიარობა?
გთავაზობთ სამშობიარო სახლის “იმედის კლინიკა” დირექტორის, პროფესორ დავით კობეშავიძეს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით

,,საკეისრო კვეთების მოხშირებას როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები გააჩნია. ობიექტური მიზეზები, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც სომატური, ასევე სამეანო პათოლოგიები და მათი შეჯამებით საკეისრო კვეთა გარდაუვალი ხდება.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 20 წლის წინანდელი ქალი გაცილებით ჯანმრთელი იყო და გაცილებით მარტივად მშობიარობდა.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენი ეპოქის მოდის მონაპოვარი დაბალწელიანი ჯინსები არის ახალი თაობების მტერი, რადგან აღარ აძლევს გოგონას მენჯს განვითარების საშუალებას და იწვევს მის პათოლოგიას.

ამას ემატება არაჯანსაღი ცხოვრების წესი. მომავალი დედები სპორტიდან შორს დგანან, არასწორად იკვებებიან, ღამის ცხოვრებას მისდევენ, ბევრს ეწევიან ან პასიური მწეველები არიან. ყბადაღებული თემაა ასევე ორსული ქალი და კომპიუტერი. ტვინის გადაძაბვა და უმოძრაობა ერთად ხომ საერთოდ საშინელებაა.

სწორედ ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე, ბევრი ორსული მიდის იმ ობიექტურ მიზეზებამდე, რაც საკესირო კვეთას გადაუვალს ხდის. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საკესიროთა მოხშირების ტენდეციაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური ასპექტი.

,,იმედის კლინიკაში” საორგანიზაციო საკითხთა ჯგუფმა გააკეთა მოკვლევა და აღმოჩნდა, რომ უფრო ხშირად საკეისრო კვეთა პაციენტის დაჟინებული მოთხოვნის გამო კეთდება. ხშირად ორსულებს აქვთ ხოლმე აკვიატებული შიში მშობიარობის მიმართ, რომელსაც აღრმავებს მშობლების და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

არსებობს საკესირო კვეთის აბსოლუტური და კომლექსური ჩვენებები. აბსოლუტურია ჩვენება, მაშინ, როდესაც დედის და ნაყოფის სიცოცლხეს საფრთხე ემუქრება და ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა წარმოსახვითაც კი შეუძლებელია. მაგალითად, პლაცენტის სრული წინმდებარეობა, აბსოლუტურად ვიწრო მენჯი და ა.შ.

დღეს, 21-ე საუკუნეში აბსოლუტური ჩვენებები საკმაოდ გაიზარდა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ნაყოფის არასწორი მდებარეობები: ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, ნაყოფის ტერფებით წინმდებარეობა. კომპლექსური ჩვენებაა, როდესაც ორსულს გარდა სამეანო პათოლოგიისა აქვს საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მხედველების სისტემის და სხვა პათოლოგიები.

ასეთ შემთხვევაში, ექიმები საკეისრო კვეთის გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ. ჩვენების არარსობობის შემთხვევაში საკესიროს გაკეთება ყოვლად გაუმართლებელია. ვთვლი, რომ დედისთვის და ახალშობილისათვის ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს.

საკეისრო კვეთის შედეგად მიღებული ახალშობილი ძალიან გავს გატუტუცებულ ბავშვს. ფიზიოლოგიური მშობიარობა 10-დან 12 საათამდე გრძელდება და ეს დრო საკმარისია, რათა ნაყოფი გახდეს ბრძოლისუნარიანი და ადაპტირება მოახდინოს გარემოსთან. სამწუხაროდ, ხშირად ექიმთან მოდის პაცინტი, როდესაც უკვე გადაწყვეტილი აქვს საკეისროს გაკეთება, რადგან ასე ურჩია დედამ, დედამთილმა, მეზობელმა, ბიძაშვილმა და ა.შ.

საკეისრო კვეთა მეტად რთული და გართულებების მხრივ საკმაოდ საშიში ოპერაცია გახლავთ. საკესირო კვეთას შეიძლება მოყვეს ტრომბო-ემბოლიური და სეპტიური გართულებები. შეიძლება ჭრილობა დაჩირქდეს, დაიწყოს საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება, განვითარდეს ნაკერის უკმარისობა, საშვილოსნო დაინფიცირდეს და ამოსაღები გახდეს. ასევე შეიძლება გართულებები დაიწყოს ოპერაციის მსვლელობის დროსაც. კერძოდ სისხლდენები და ახალგაზრდა გოგო დაემშვიდობოს საშვილოსნოს.

თუნდაც ყველაფერი კარგად დასრულდეს, საკეისრო კვეთის შემდგომ 2-3 წელი ორსულობა რეკომენდირებული აღარ არის. ასევე შეზღუდულია შვილოსნობა, რადგან საშვილოსნოს კუნთის რეგენერაცია დაუსრულებლად არ ხდება. ნაკეისრალ ქალს ნაწიბუროვანი საშვილოსნო რჩება. ნაწიბუროვან საშვილოსნოზე კი გართულებები გაცილებით მეტია.

საკეისრო კვეთა თუნდაც იმიტომ არის ცუდი, რომ დედა პირველ ხანებში მოკლებულია შვილთან ურთიერთობას. არ შეუძლია წამოდგომა, ბავშვის ხელში დაჭერა და მასზე ზრუნვა. შესაბამისად დედა-შვილობის ხაზი პირველივე დღეებში ირღვევა.

საკეისრო კვეთა ლაქტაციაზეც მოქმედებს. ზოგჯერ დედას ისეთი ძლიერი ტკივილები აქვს, ძუძუს საერთოდ ვერ აწოვებს ახალშობილს, რაც მკერდში რძის შეგუბების რისკებს ზრდის.

გეგმიური საკეისრო უმჯობესია დაინიშნოს მაშინ, როდესაც უკვე დაწყებულია სამშობიარო მოქმედება. განსაკუთრებით პირველ მშობიარეებში სარისკოა საკეისროს გაკეთება მძინარე საშვილოსნოზე, რადგან შესაძლოა საშვილოსნო საერთოდ ვეღარ შეიკუმშოს და მისი ამოღება გახდეს საჭირო. ამას ზოგიერთი ორსულის გათავხედებულ პატრონს ვერ ვაგებინებთ.

ხშირად ჩემი პოზიციის გამო მშობიარე დამიკარგავს. მირჩევნია მათ წინაშე მართალი ვიყო, ვიდრე მშობიარეთა რაოდენობას გამოვეკიდო და ჩემი კრედო დავარღვიო.

საკესირო კვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინუსია ენდოტრაქეალური ნარკოზი. ცენტრალური ნევრული სისტემისათვის საძილე საშუალებების ის დოზა, რომელიც ერთი საათი მოქმედებს თავის ტვინზე, უკვალოდ არ ჩაივლის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი ერის გამრავლებსა და გაძლიერებისათვის, საკეისროთა წარმოება, სადაც აუცილებელი არ არის, დანაშაულის ტოლფასია!

მასალა მოამზადა მეგი საჯაიამ

17-01-2017, 16:48

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно